воскресенье, 20 сентября 2015 г.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგის რეფლექსია


ტრენინგი: „გრძელვადიანი სასწავლო კურსი ქართულ ენასა და ლიტერატურაში."(მოდული #2    ქართული ენა).
ელენე კოხრეიძე – სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო   ლიცეუმის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
ტრენერი: ხათუნა ბურჭულაძე
ტრენინგისჩატარების ადგილი:  ქ. ქუთაისი მასწავლებლის სახლი.
ტრენინგის ხანგრძლივობა:  4 დღე, დღეში 5 სთ. 
ტრენინგის მიზანი და ამოცანები:
  • მორფოლოგიის, სინტაქსის, ლექსიკისა და სტილისტიკის საკითხების სწავლების
          უახლესი მეთოდებისა და სტრატეგიების გაცნობა
  •  მოსწავლეთა მიერ მართლწერის წესების პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევების  ჩამოყალიბებისათვის საჭირო სტრატეგიების გაანალიზება.
ტრენინგი მასწავლებლის პროფესიულლი სტანდარტის მიხედვით იყო დაგეგმილი,
დაგვირიგდა საკითხავი მასალა, რომელშიც ვრცლად იყო განხილული ქართული ენის
სწავლების თანამედროვე სტრატეგიები, როგორიცაა ლიტერატურული მასალის გამოყენებით  სწავლება, ცხრილების, კოგნიტური სქემების დახმარებით სწავლება. განვიხილეთ გაკვეთილის   დაგეგმვის მეთოდები. მიმოვიხილეთ ენის სწავლების სხვადასხვა სტრატეგია, მათი დადებითი და წინააღმდეგობრივი მხარეები, განვიხილეთ სხვადასხვა პრაქტიკული სავარჯიშო მიღებულ  ცოდნას და გამოცდილებასთან კავშირში და გაკვეთილზე აქტიურად გამოვიყენეთ ჯგუფური  ტესტებისა თუ ინდივიდუალური დავალებების საჭიროებისამებრ შედგენისას. ტრენინგზე  განხილული აქტივობები გამოვიყენე გაკვეთილებზე. მაგალითად, არქაიზმებზე მუშაობისას მე- 11 კლასში გამოვიყენეთ შესაბამისი ლიტერატურული მასალა - რომანტიკოსთა პოეზია.
ეფექტური სწავლების ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ელემენტმა -გრაფიკული ორგანიზატორების ანუ კოგნიტური დიაგრამების დანერგვამ მოიტანა კარგი შედეგი: გამიადვილა საქმიანი გაკვეთილის დაგეგმვა. კონტროლის შეფასების საკმაოდ მოქნილი ტექნიკა, სწავლების პროცესი  უფრო საინტერესო გახადა. ტრენინგზე შეძენილ ცოდნას ვუზიარებ კოლეგებს და თავადაც აქტიურად ვიყენებ გაკვეთილების დაგეგმვისას.

суббота, 19 сентября 2015 г.

პროექტის გეგმა და რეფლექსია



საგანმანათლებლო პროექტის გეგმა

ელენე კოხრეიძე – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი

პროექტის სახელი: "ილაპარაკეთ... ოღონდ ქართულად, ოღონდ ქართულად    ილაპარაკეთ!“

პროექტს ვხელმძღვანელობდით ოთხი პედაგოგი:
ელენე კოხრეიძე კადეტთა სამხედრო ლიცეუმის  ქართული ენისა და ლიტერატურის                                მასწავლებელი
ეკა მურუსიძე კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ქიმიისა და ეკონომიკის მასწავლებელი
ბესიკ მაჩიტაძე კადეტთა სამხედრო ლიცეუმის  გეოგრაფიის მასწავლებელი
ლალი ჩარკვიანი კადეტთა სამხედრო ლიცეუმის  რუსული ენის მასწავლებელი
ქალაქი – ქუთაისი
სკოლა – სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი

ინტეგრირებული პროექტი
საგანი – ქართული, გეოგრაფია, უცხო ენა (რუსული, ინგლისური ), ისტ – ი

მე კურირებას ვუწევდი ქართული ენის  ჯგუფს.

პროექტის აქტუალურობა:
კაცობრიობის, საერთოდ, ცივილიზაციის ისტორია ნათელი დასტურია იმისა, რომ ენა ყველაზე წმინდა საუნჯეა. „ენა საღვთო რამ არის, მაგას კაცი ცოდვილი ხელით არ უნდა შეეხოს“ – წერდა ილია ჭავჭავაძე. მართლაც, ენაზე ძვირფასი და წმინდა ძნელად რომ კაცს რაიმე მოეძევებოდეს. ენა ხალხის წიაღში შექმნილი, უხსოვარი დროიდან მრავალი თაობის რუდუნებისა და უსაზღვრო სიყვარულით ნასაზრდოები ფენომენია, რომელშიაც გაცხადებულია ერის სულიერი და მატერიალური ცხოვრების ისტორია.
საუკუნეთა მოწამე ქართული ენა მრავალჟამიერ იდგა ქართველი კაცის სამსახურში, არ სცილდებოდა მას და მასთან ერთად ზეიმობდა ერის გამთლიანებას. მტერი ვერ იტანდა ამ ზეიმს და ჭრიდნენ და ჭრიდნენ საქართველოს სხეულს, თუმცა ქართული ენა უცვლელი რჩებოდა. და მაინც, ენასაც შეეხო ცოდვილი ხელი. ზოგჯერ ნებსით და ზოგჯერ უნებლიეთ, გვავიწყდება, რომ „ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირიცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების.“ ყოველი შეგნებული მოქალაქე მოვალეა ,დიახ, მოვალე, თავისი ენა კულტად გაიხადოს და  მისი ცოდნა–შესწავლა უპირველეს საქმედ გადააქციოს.
ვის შევჩივლოთ ან ვის გადავაბრალოთ, რომ ჩვენი ენა აგრერიგად შეურაცხყოფილი და დამცირებულია?  სხვას ვერ დავადანაშაულებთ! ეს თითოეული ჩვენგანის ბრალია. დღემდე ისე მოვაღწიეთ, რომ ენის სიწმინდე ვერა და ვერ იქცა საყოველთაო ზრუნვის საგნად. პარადოქსია, მაგრამ სიტყვის თავისუფლებამ დააკნინა დედაენა. დაუდევარი დამოკიდებულება ენის მიმართ, გაღარიბებული ლექსიკა და მიუტევებელი გრამატიკული შეცდომები ყველაზე თვალსაჩინოდ ტელეეკრანებიდან ფიქსირდება. ტელევიზიამ და ინტერნეტმა დღეს უდიდესი ძალა შეიძინა. ერთი ქართული ანდაზისა არ იყოს, – ის კიდეც აგვაშენებს და კიდევაც დაგვამხობს. ტელეჟურნალისტის ოპერატიულობა, დაჟინებულობა და ზოგჯერ თავხედობაც კი, შეიძლება ხანდახან გამართლებულიც იყოს, მაგრამ უცოდინარობას რაღა ეშველება?! გამოუსწორებელი ზიანი ადგება  ჩვენს ყოფით კულტურას,  ტრადიციულ ქართულ მეტყველებას.
მოგიწოდებთ! – ნუ დავაბინძურებთ დედაენის სალაროს, სწორი მეტყველების უპირველეს მასწავლებელს – ქართულ მწერლობას.
ახალმა რეალობამ და ახალმა მიმართულებებმა უცხო ტერმინოლოგიას ფართო გასაქანი მისცა ჩვენს სინამდვილეში. უცხო ლექსიკის, ძირითადად ინგლისურის, ე.წ. „ფრანგლეზების“ მოძალებამ ისეთი დიდი ქვეყანაც კი შეაშფოთა, როგორიც საფრანგეთია. მან საკანონმდებლო საქმიანობა  მოიშველია და მიიღო კანონი მშობლიური ენის დაცვის შესახებ.
საქართველოში „სახელმწიფო ენის დაცვის შესახებ“ კანონზე მუშაობა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს მიმდინარეობდა. მე–20 საუკუნის 90–იან წლებში ენის სახელმწიფო კომისიაც კი შეიქმნა, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გამო, პროექტის განხორციელება შეფერხდა. ახალმა  ხელისუფლებამ კანონპროექტი პარლამენტიდან გამოითხოვა და მთელი დოკუმენტაცია დაიკარგა.
ქვეყანა, ერი, პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლება ერთად უნდა იბრძოდეს ენის სიწმინდის დაცვისათვის. საგულისხმოა, რომ საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, ქართული ენის სიწმინდეს, სავარაუდოდ, ენის ინსპექტორები დაიცავენ.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში უკვე იმსჯელეს ინიციატივაზე, რომელიც ქართული ენის ნორმების დარღვევისათვის მედიასაშუალებებისა და თანამდებობის პირების გარკვეული თანხით დაჯარიმებას ითვალისწინებს. პროექტი ენათმეცნიერთა და იურისტთა ჯგუფმა შეიმუშავა. ეს პროექტი რეალობის გათვალისწინებით შემუშავდა. ქუჩებში წარწერებსა და გარე რეკლამებს რომ გადახედოთ, ვერ გაიგებთ, რომელი ქვეყნის ქალაქში იმყოფებით. ამ საკითხის რეგულირებაც საჭიროა და, შესაბამისად, მასაც სახელმწიფო ენის ინსპექცია გააკონტროლებს.
და ბოლოს, მშობლიური ენის სიწმინდის დაცვისათვის ბრძოლა ისეთივე საპატიო საქმეა, როგორც ხმლით დაცვა საკუთარი სამშობლოსი.
ჩვენი ნაშრომიც ენის სიწმინდის დაცვას ემსახურება.

პროექტის მიზა:
1.     ქართული ენის სიწნინდის დაცვა
2.     ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება  ქართული ენის, ბარბარიზმების, SMS- ენისა , SMILE-ის ისტორიის, საქართველოს ეთნიკური შემადგენლობის შესახებ
3.     კონკურსის –  "საუკეთესო მოქართულე"  ჩატარება 
4.     ლექსიკონის – "ბარბარიზმები სამხედროთა ლექსიკაშიშედგენა

საგნობრივი სტანდარტები, რომელსაც ეყრდნობა პროექტი:
ქართული ენა და ლიტერატურა  
ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლ)  კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.
ქართ. XI. 3. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და გამოიყენოს საჯარო გამოსვლის ეფექტიანობის გასაძლიერებელი საშუალებები.
ქართ. XI. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.  
ქართ. XII. 1. მოსწავლეს შეუძლია  სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ. XII. 2. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილი სასწავლო პროექტების კრიტიკულად გაანალიზება და შეფასება.
ქართ. XII. 3. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შესაბამისი ხერხების ამოცნობა და გამოყენება.
ქართ. XII. 4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება სასწავლო პროექტის პრეზენტაციისათვის.
გეოგრაფია
გეო.IX.8. მოსწავლეს შეუძლია მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლებისა და დინამიკური მახასიათებლების დაკავშირება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასთან. გეო.X.5. მოსწავლეს შეუძლია მსოფლიოს მოსახლეობის განსახლების თავისებურებების კვლევა და დემოგრაფიული ვითარების გაანალიზება.
უცხო ენა 
უცხ.ს.7.16 მოსწავლე ფლობს სტრატეგიებს სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად.
უცხ.ს.7.18 მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება
ისტ –ი

პროექტის  მეთოდები და ამოცანები:
ü  ჯგუფების შექმნა საგნობრივი ინტერესებიდან გამომდინარე
ü  ჯგუფური მუშაობა
ü  თანამშრომლობა ( მოსწავლე – მოსწავლე; მოსწავლე – მასწავლებელი; მასწავლებელი – მასწავლებელი )
ü  ვერბალური მეთოდი, პრეზენტაცია, კომუნიკაცია
ü  ინტერნეტთან მუშაობის მეთოდი, საპრეზენტაციო მასალის მოძიება, დამუშავება, გაანალიზება
ü  პრეზენტაციების, ბუკლეტისა   და ბლოგების შექმნა
ü  კონფერენციის მომზადება და ჩატარება
ü  კონკურსის –  „საუკეთესო მოქართულე“  ჩატარება      

პროექტის განხორციელების წინაპირობები:

კადეტებს, სასწავლებლის სპეციფიკიდან გამომდინარე, აინტერესებდათ სამხედრო სფეროში გამოყენებული უცხო ენიდან  შემოსული ტერმინების  ქართული შესატყვისები. აგრეთვე, მეტყველებასა და ყოფა – ცხოვრებაში მომრავლებული ბარბარიზმები, რომლებიც სავალალო მდგომარეობაში აყენებს მშობლიურ ენას. ჯარში ძირითადად გამოიყენებოდა რუსული ტექნიკა, რის გამოც სამხედრო ტერმინოლოგიაში უხვად დამკვიდრდა რუსული ენიდან შემოსული ბარბარიზმები. აგრეთვე, როგორც ქართულის მასწავლებელმა ყურადღება მივაქციე კომპიუტერული ტექნიკისა და სოციალური ქსელების უარყოფით გავლენას  მართლწერაზე.


პროექტის აღწერა და მის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები

ü  პროექტის განმახორციელებელი ჯგუფების შექმნა
ü  მოსწავლეებთან ერთად პროექტის გეგმის შემუშავება
ü  მოვალეობების გადანაწილება
ü  შესაბამისი ლიტერატურის გამოყენებითა და ინტერნეტის საძიებო სისტემით, აგრეთვე უშუალო, პირდაპირი ურთიერთობებით სხვადასხვა სოციალური ფენისა და მომსახურების სფეროს წარმომადგენლებთან პროექტისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება
ü  მოპოვებული ინფორმაციის დახარისხება და წარდგინება თეზისებისა და თემების სახით
ü  მოსწავლეები მოამზადებენ  საპრეზენტაციო სლაიდებს, გადაიღებენ ფოტოებს,  შექმნიან ვიდეორგოლს Movie Maker-ში და ბლოგს
ü  ცხრილების, დიაგრამების , სლაიდებისა და სიგელის  შედგენა
ü  პროექტის პრეზენტაცია სკოლაში
ü  პროექტში მონაწილე მოსწავლეთა დაჯილდოება

პროექტში მონაწილეეების ასაკი, კლასი:  17–18 წელი;  XI- XII კლასები

პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია:

პროექტში მონაწილე მასწავლებლები ვხვდებოდით ჯგუფის წევრებს ყოველკვირეულად (ორშაბათობით).  კადეტები წარმოადგენდნენ და აანალიზებდნენ მოპოვებულ მასალას და გეგმავდნენ  შემდგომ სამუშაოებს. მე რეკომენდაციებს ვაძლევდი და ვეხმარებოდი სწორი სამუშაო გეზის არჩევაში. ვიყენებდი განმავითარებელ შეფასებას პროექტის განხორციელების პროცესში. პრეზანტაციის ჩატარების შემდეგ მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა შეაფასეს პროექტი და გამოთქვეს თავიანთ შთაბეჭდილებები. ხოლო დასრულებისას, დირექციის მიერ მონაწილე კადეტები დაჯილდოვდნენ სიგელებით.

პროექტის განხორცილების რისკები,  შესაძლო ხარვეზები და მათი თავიდან აცილების გზები:

რადგან  პროექტი რამდენიმე თვეზე იყო გაწერილი, არსებობდა რისკი, რომ მონაწილე მოსწავლეების ინტერესი შესუსტდებოდა, მაგრამ ყველაფერი ისე იყო შედგენილი და დაგეგმილი, რომ დაინტერესებამ არა თუ იკლო, არამედ მოიმატა კიდეც. ამაში დიდი წვლილი შეიტანა მასწავლებელთა, მშობელთა და მომსახურების  სფეროს მუშაკთა ( მაღაზია, ბაზარი, ტრანსპორტი, ტექ. მომსახურება  და სხვ. ) აქტიურმა ჩართულობამ.

შედეგები:
·   მოსწავლეთა მიერ  მოკვლეულ იქნა  მასალა ქართული ენის შესახებ;
    ბარბარიზმების შესახებ; 
   
საქართველოს ეთნიკური შემადგენლობის, ფერეიდანის შესახებ;   
   
SMS -ენისა და   SMILE-ის  შესახებ.
·   შეიქმნა ლექსიკონი "ბარბარიზმები სამხედროთა ლექსიკაში"
·   შეიქმნა და დაიბეჭდა ბუკლეტები, სიგელები
·   შეიქმნა  საპრეზენტაციო სლაიდები, ვიდეორგოლები, 
     ბლოგი http://ilaparaketkartulad.blogspot.com/
·    ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია სკოლაში
·   გამოვლინდა კონკურსის –  "საუკეთესო მოქართულე"  გამარჯვებული;  
      დაჯილდოვდნენ   პროექტის მონაწილეები  ნომინაციების მიხედვით
 პროექტის  განხორციელებისთვის საჭირო დრო: 12 (თორმეტი) თვე

რესურსები

·         კომპიუტერი
·         პროექტორი
·         ინტერნეტი
·         ფოტო, ვიდეო, აუდიო მასალა
·         შესაბამისი ლიტერატურული და სამეცნიერო მასალა
·         ფორმატები, ფლივჩატები, მარკერები, კალმები, სხვადასხვა ზომისა და შეფერილობის ქაღალდები



           საგანმანათლებლო პროექტის რეფლექსია
პროექტი: – „ ილაპარაკეთ, ოღონდ ქართულად, ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ“
ელენე კოხრეიძესსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვისათვის ეფექტური და მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება. ეს პრობლემის გადაჭრისა და ინიციატივის განხორციელების ერთ–ერთ  წინაპირობად მიმაჩნია. პროექტი მასში მონაწილეებს  საშუალებას აძლევს თავი მოუყარონ წინარე  ცოდნას,  შეიძინონ ახალი, გამოავლინონ საუკეთესო უნარ – ჩვევები, დანერგონ და პრაქტიკაში გამოიყენონ ისინი.
   2011– 2014 წლებში განხორციელებული მაქვს რამდენიმე საგანმანათლებლო პროექტი. http://elenekokhreidze.blogspot.com/2015/09/blog-post_39.html
მათგან გამოვყოფდი პროექტს: – „ილაპარაკეთ, ოღონდ ქართულად, ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ“, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებს, მასწავლებლებსა  და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის თანამშრომლებს  შორის. 
სათაურად გამოვიყენეთ ამონარიდი  გალაკტიონის ცნობილი ლექსიდან .
პროექტი ეძღვნებოდა ქართული ენის სიწმინდის დაცვას, მართლმეტყველებასა და მართლწერას. მასში საუბარი იყო უცხო ენებიდან შემოსულ ბარბარიზმებზე. მუშაობის პროცესში პასუხები გაეცა შემდეგ საკვანძო შეკითხვებს:
·         შესაძლებელია თუ არა ბარბარიზმების გარეშე მეტყველება
·         როგორ უნდა მოხდეს სასაუბრო ენის ბარბარიზმებისაგან გაწმენდა
·         რა განაპირობებს მომსახურების სხვადასხვა ობიექტში (ბაზარი, მაღაზია, საყოფაცხოვრებო მომსახურების სხვადასხვა სფერო) დასაქმებულთა მეტყველებაში ბარბარიზმთა მომძლავრებას
·         როგორ შეიძლება შეიცვალოს სამხედროთა ლექსიკაში დამკვიდრებული ბარბარიზმები ქართული ტერმინოლოგიით
პროექტი არის ინტეგრირებული – (ქართული, გეოგრაფია, უცხო ენა, ისტ – ი). აქედან გამომდინარე  საგნების მიხედვით შეიქმნა ჯგუფები.
მე ვკურირებდი ქართული სალიტერატურო ენის ისტორიასა და ბარბარიზმებზე მომუშავე ჯგუფს. მუშაობის პროცესში ვხელმძღვანელობდი ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტით.
(ესგ–ს შედეგები : ქართული ენა და ლიტერატურა 
ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლ)  კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.
ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება.
ქართ. XI. 3. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და გამოიყენოს საჯარო გამოსვლის ეფექტიანობის გასაძლიერებელი საშუალებები.
ქართ. XI. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს.  
ქართ. XII. 1. მოსწავლეს შეუძლია  სასწავლო პროექტის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
ქართ. XII. 2. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა მიერ წარმოდგენილი სასწავლო პროექტების კრიტიკულად გაანალიზება და შეფასება.
ქართ. XII. 3. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის პრეზენტაციის შესაბამისი ხერხების ამოცნობა და გამოყენება.
ქართ. XII. 4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება სასწავლო პროექტის პრეზენტაციისათვის.)  
ჩავატარეთ პირველი შეკრება, რომელზეც კადეტებს გავაცანით პროექტის სახელწოდება, მთავარი იდეა, მიზნები, მოსალოდნელი შედეგები და განსახორციელებელი ვადა.
უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეებმა გამოავლინეს დიდი ინტერესი პროექტის მიმართ. განსაკუთრებით, სასწავლებლის სპეციფიკიდან გამომდინარე, აინტერესებდათ სამხედროთა ლექსიკაში ბარბარიზმების არსებობა. კადეტებმა ჩვენი დახმარებით შეიმუშავეს პროექტის გეგმა, რომელიც მოიცავდა შემდეგ ეტაპებს:
·         სასტარტო პრეზანტაცია
·         პროექტის განხორციელება
·         პრეზენტაცია ლიცეუმში
·         ქართული ენისადმი მიძღვნილ კონკურსში მონაწილეობა
·         პროექტის შეჯამება, შეფასება
აღნიშნულმა საგანმანათლებლო პროექტმა გამოავლინა მოსწავლეთა დაინტერესება და წარმოაჩინა მათი უნარები (აზროვნება, მსჯელობა, თანამშრომლობა, შემოქმედებითობა) გაიღრმავეს ცოდნა ქართულში, გეოგრაფიაში, უცხო ენაში. ისტ – ის გამოყენებით შექმნეს საპრეზენტაციო სლაიდები, ვიდეორგოლები, ბლოგი http://ilaparaketkartulad.blogspot.com/   გადაიღეს ფოტოები, ააგეს გრაფიკები.
შესაბამისი მხატვრული, პუბლიცისტური და სამეცნიერო ლიტერატურის გამოყენებით მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე დაწერეს თემები.
პროექტი გრძელვადიანია. რამდენიმე თვის მანძილზე კადეტებმა შეაგროვეს ინფორმაცია ქართული ენის , რუსული და ინგლისური ენებიდან ქართულში შემოსული ბარბარიზმების, SMS- ენის, Smile-ის და სოციალური ქსელის შესახებ. იმსჯელეს, თუ რა გავლენას ახდენს ბარბარიზმები და სოციალური ქსელი მეტყველებასა და მართლწერაზე; თუ რა პოზიცია უჭირავს სახელმწიფოს  ქართული ენის სიწმინდის დაცვასთან დაკავშირებით. კადეტებმა პრობლემის გადაჭრის თავიანთი ხედვა ჩამოაყალიბეს. მათ საინტერესოდ წარმოადგინეს საქართველოს ეთნიკური შემადგენლობა რეგიონების მიხედვით და განიხილეს არაქართულენოვან მოსახლეობაში ქართული ენის ცოდნის დონის გაუმჯობესების საკითხი. ისაუბრეს დიალექტების  შესახებ, ყურადღება გაამახვილეს ფერეიდნულ დიალექტზე.
     კადეტებს პროექტში მონაწილეობისათვის სიგელები გადასცა დირექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში.
პროექტის დასკვნითი ეტაპი ჩატარდა დედაენის დღეს, 14 აპრილს და გამოვლინდნენ  გამარჯვებულები კონკურსში  – „საუკეთესო მოქართულე“.ისინი დაჯილდოვდნენ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.
2014 წელს პროექტმა მონაწილეობა მიიღო აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრის მიერ ჩატარებულ კონფერენციაში. მონაწილეები დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით. პროექტის ფარგლებში დამუშავებული თემით: – „ბარბარიზმები სამხედროთა ლექსიკაში“ კადეტებმა გაიმარჯვეს მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის  66 – ე  კონფერენციაში.
      პროექტზე მუშაობისას   დასახული პრობლემის გადაჭრის გზების ძიების პროცესში კადეტებმა გააანალიზეს, რომ მიზნის მისაღწევად საჭირო იყო მეტი ცოდნა, აგრეთვე სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნის ურთიერთკავშირი. პროექტმა მათში გააღრმავა კვლევითი უნარ – ჩვევები. ისტ – ის გამოყენებამ მათ ხელი შეუწყო, რომ შეექმნათ ელექტრონული რესურსები და ეფექტურად მიეწოდებინათ დაინტერესებული საზოგადოებისათვის თავიანთი ნამუშევარი. მიღებული ცოდნა მათ დაეხმარებათ საკუთარ პროფესიასა ( უმეტესი მათგანი მომავალი ოფიცერია ) და ყოფა – ცხოვრებაში, რათა სწორად იმეტყველონ და წერონ.
       პროექტის ფარგლებში გამოყენებული ჯგუფური მუშაობა დაეხმარა მათ გადაწყვეტილებების შეთანხმებულად მიღებასა და თანამშრომლობის კულტურის გაუმჯობესებაში. მათ განუვითარდათ გუნდური მუშაობის, ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარები. გაუღრმავდათ სურვილი კვლავ მიიღონ მონაწილეობა მსგავს ინოვაციურ პროექტებში. ( პროექტის ინოვაციურობა იმაში მდგომარეობს, რომ მათ შექმნეს სამხედროთა მეტყველებაში  გამოყენებული ბარბარიზმების ლექსიკონი. http://ilaparaketkartulad.blogspot.com/p/blog-page_8878.html )
მოსწავლეთა მიერ მოძიებული მასალები საინტერესო და სასარგებლოა მოსწავლეებისათვის, მასწავლებლებისათვის, სამხედროებისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის.
  აღსანიშნავია, რომ პროექტით გათვალისწინებული მოკლევადიანი და გრძელვადიანი შედეგები შეესაბამებოდა  ჩვენ მიერ დასახულ მიზნებს, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ.
       პროექტი შეფასდა მასწავლებელთა და მოსწავლეთა მიერ შთაბეჭდილებების სახით.
საგანმანათლებლო პროექტის დასრულების შემდეგ, ინფორმაციის გაზიარების მიზნით, შეიქმნა პროექტის ბლოგი: – http://ilaparaketkartulad.blogspot.com/